ქართული საფიხვნო ქართული საფიხვნო

 
 GalleryGallery კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია 
 პროფილიპროფილი   სისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავადსისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავად   შესვლაშესვლა 

მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შ
გადასვლა გვერდზე 1, 2  შემდეგი
 
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> ო, ენავ ჩემო!
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:15    წერილის სათაური: მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შ პასუხი ციტირებით

by archil gamzardia

http://www.link.ge/file/308568/archil-gamzardia---mshobliuri-enis-shesaxeb.rar.html

მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შესახებ

==============================================================

სახელი - არჩილი
გვარი - გამზარდია
ეროვნება - ქართველი
დედა ენა - ქართული

ასე იყო დღემდე...
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველას ასე გვეგონა...
ბოლო პერიოდში, მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა კვლავ დაიწყო მსჯელობა და კამათი მეგრული და სვანური ენაკავების, მეტყველებების, კილოების სტატუსის შესახებ. ცხადია, მეც დავინტერესდი ამ ამბით, რადგან სახუმარო საქმედ არ მეჩვენება არც ერთი საკითხი, რაც ჩემს ეროვნულ თუ კუთხურ წარმოშობას შეეხება. მეცნიერული კვლევა-ძიებაში ჩართვა, მართალია, სოციოლინგვისტთა პრეროგატივაა, თუმცა, ნებისმიერ ჩვენგანს პროცესებში პროფესიული და მოქალაქეობრივი დაინტერესებისა და ჩართვის უფლებასაც (რაც, ვალდებულებაც კი არის) ვერავინ წაგვართმევს.

ჩემი ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი იდენტიფიკაცია გახდა და მეც ამ საკითხს, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი _ პროფესიულად და როგორც ამ ქვეყნის შვილი _ მოქალაქეობრივად მივუდექი. მოვიძიე “ამბის” ატეხვის ისტორია, შესაბამის მხარეთა პოზიციები, სხვა დოკუმენტური მასალები და თავი, უნებლიედ, “ჟურნალისტ-გამომძიებლის” რანგში ამოვყავი.


უკანასკნელი შემსწორებელი: ARCHIL_I. დრო: ოთხ თებ 17, 2010 8:44. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 2
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:16    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

1. “იყო და არა იყო რა...”


იყო და არა იყო რა... იყო ჩვენი საქართველო, თავის კუთხეებით, კულტურით, ისტორიით, თავისი რწმენითა და თავისი ენით... ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა არაერთხელ რომ გამხდარა შინაური თუ გარეული მტრის თავდასხმის ობიექტად, ეს ისედაც ყველამ ვიცით; ციხე რომ ძირითადად შიგნიდან ტყდებოდა, ესეც ცნობილი და არაერთხელ გაგონილი ამბავია; მტრობა რომ მრავალნაირად არის შესაძლებელი, არც ამის დასკვნა იქნება ჩემი მხრიდან აღმოჩენა; აი, ჩვენი, ქართველობის საკითხი კი, გულწრფელად ვთქვა, არ მეგონა, საერთოდ თუ გახდებოდა როდესმე მსჯელობის საგანი, თუმცა... როგორც ჩანს, ასეთი რამეც ხდება ხოლმე.

საზოგადოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მოღვაწე არა მხოლოდ ეროვნულ საკითხებს განიხილავს “ორიგინალურად” და შეიძლება ითქვას, მეტისმეტად უცნაურადაც, უფრო მეტიც, ასეთი ტიპის მკვლევარები კიდევ უფრო შორს მიდიან და საკითხებს მეტად “გლობალურადაც” სვამენ. მაგალითისათვის, ზოგიერთი მეცნიერი იმის გარკვევასაც კი ცდილობს, თავად დედამიწელები რომელი პლანეტის (გალაკტიკის) წარმომადგენელთა შთამომავლები შეიძლება იყვნენ.

ბოლო პერიოდში არაერთი პუბლიკაცია და დოკუმენტური ფილმია მომზადებული იმის შესახებ, თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს “თეორიები” ჩვენი უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მცდელობაში, ისიც იყო განცხადებული, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს გვერდით ადამიანები კი არა უცხოპლანეტელები ცხოვრობენო. უფრო მეტიც, ამავე ვარაუდში მკვლევარ-მეცნიერები იმასაც აცხადებენ, არც იმაზე გაოცდეთ, თუ თქვენვე აღმოჩნდით უცხოპლანეტელიო.

მონაყოლი ანეკდოტი არ გეგონოთ და არც გაიკვირვოთ. დღესდღეობით, მსოფლიოშო არაერთი მილიონი იხარჯება საიმისოდ, რომ ადამიანებში გაუცხოება ფართო პროფილით გამოიწვონ. იმავე პროფილის მესვეურები, ხშირად, მცირე ქვეყნებსაც მიადგებიან ხოლმე, აფინანსებენ-რა მათში წამყვან სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს ისეთი თეორიებისა და მეცნიერული დასკვნების წარმოსადგენად, რაც ამა თუ იმ ერს, ხალხს საკუთარ თავთან, საკუთარ ხალხთან, საკუთარ ერთან გააუცხოებენ. შესაბამისი კვლევა-ძიების მიზნები რთული წარმოსადგენი არ იქნება.

აღნიშნული თეორიები ზოგჯერ ფრიად პოპულარული და აღიარებულლიც ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, გავრცელებისა და მხარდაჭერის სათანადო არეალს ისინი ჯერჯერობით ვერ აღწევს. ამდენად, მეც სანამ თავადაც საკუთარ თავზე ანტენების მოძიებას დავიწყებდე და საკუთარი წარმოშობის ინტერგალაკტიკური ვერსიები დამაფიქრებდეს, ამ ეტაპზე მის მსგავსად შექმნილ საკითხს, ეროვნულ-კუთხური წარმოშობისა და დედა ენის გარკვევას შევეცდები.

ბოლო ხანს უკვე აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საბჭოური რეჟიმის შემდგომაც კი ხდება მცდელობა ქართული ეროვნული შეგნება განცალკევებულ თემობრივ-ტომობრივ შეგნებამდე დაიყვანონ. ისტორიამ, ცხადია, შემოგვინახა ის ფურცლები, როდესაც რუსული ბატონობის პერიოდში არაერთხელ შეეცადნენ ქართველი ერის დიფერენცირებას. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როდესაც რუსულმა მმართველობამ ლამის იყო და დამწერლობა “შეუქმნა” სვანებსა და მეგრელებს, შემდეგ იყო და მღვდელმსახურება კინაღამ აღავლენინეს “სვანურ და მეგრულ ენებზე” ა.შ. და ა.შ. ასეთ პოლიტიკას ჩვენში თავისი წარმომადგენლებიც ჰყავდა, თუმცამ მათი ძალისხმევის მიუხედავად, საბედნიეროდ, ლოგიკური წარუმატებელი შედეგები მოჰყვა და მცდელობები დღემდე მხოლოდ მცდელობებად დარჩა.

როგორც წესი, სტრატეგიული გეგმის თვისობრივობა ითვალისწინებს, რომ პირველადი ან ეტაპობრივი წარუმატებლობის შემთხვევაში, ყოველ გარკვეულ პერიოდში განახლებული თვისობრივი მიდგომებით ხელახალი, გეგმის ასე ვთქვათ “B” სრატეგიის შემუშავება მოხდეს. ამის შემდეგ, კვლავ გრძელდება განახლებული მცდელობები და მუშაობა შესაბამის შედეგამდე. ამგვარი გეგმების მიმართულება, ჩვეულებრივ, საზოგადოების შესაბამის ფენებსა და შესაბამისი მიმართულებით ვრცელდება.

ამ მიზნით წარმოდგენილი დარგობრივი სპეციალისტები, უპირველეს ყოვლისა, თავადვე იწყებენ ხმაურს, რომ მათი ინტერესები მხოლოდ პროფესიულია და არაფერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან. ამის დასტურის საიმიჯო მახასიათებლის მოპოვების შემდეგ კი ისინი სწორედ რომ ახორციელებენ დაკვეთილ პოლიტიკას.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:17    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ასეთი სპეციალისტები, ხშირად საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და საპატიო წრეებიდან გამოდიან, ქმნიან რა საფუძვლებს თავიანთი პროფესიული მიმართულებებით. ამ ეტაპის შემდგომ უკვე ვრცელდება შესაბამისი პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის განხორციელება, ისე რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული წარმომადგენლები (საზოგადოებისათვის ცნობილი პირები, მეცნიერები, მკვლევარები, დარგობრივი სპეციალისტები) გაიძახიან, ჩვენს საქმიანობას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვსო.

ხშირად ისეც ხდება, რომ თავის მოწინააღმდეგეებს სწორედ ისინი უწოდებენ პოლიტიკიდან მეცნიერებაში აღრეულებს და ა.შ. ეს მეთოდი ფრიად გავრცელებულია პროპაგანდისტურ ტექნოლოგიებში, მეთოდის მიზანია მიმბაძველებთან არევა და ის გამოიყენება დისკრედიტაციისათვის, როდესაც დამნაშავეები, გრნობენ რა ჩავარდნას, პირველები იწყებენ ყვირილს და ხალხის რისხვას სხვა მხარეს მიმართავენ. ამ მეთოდს წარმატებით იყენებენ როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებები, ასევე გარკვეული პოლიტიკის გამტარებელი არასახელისუფლებო ინსტიტუტები (სამეცნიერო საზოგადოების შერჩეული წარმომადგენლები, სპორტის, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გარკვეული წარმომადგენლები და ა.შ.); როგორც წესი, საზოგადოების დეზორიენტაცია მათი მეშვეობით ხდება.

ცხადია, ის მიდგომა, რომ არასახელისუფლებო საზოგადოებრივი ინსტიტუტებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი შეიძლება ჰქონდეთ, უკვე დიდი ხანია მოძველდა. დღევანდელ ეპოქაში უკვე ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ პოლიტიკის საგანი სწორედაც ყველაფერია, მათ შორის რელიგიაც კი, კულტურასა და მეცნიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე, რომ... შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი, თუ კი იტყვის, რომელიმე დარგზე, რას ამბობთ, ბატონო ჩემო, რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა, ჩვენ მხოლოდ წმინდად კულტურაზე თუ მეცნიერებაზე ვმსჯელობთო, არცერთი წამით არ დაიჯეროთ: თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობების ტექნოლოგებსა და პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტებს იმისთვის არ უშრომიათ ამდენი, რომ ეს შესანიშნავი საშუალებები (კულტურა, რელიგია, მეცნიერება, ხელოვნება და ა.შ.) ხელიდან გაუშვან და სხვადასხვა პოლიტიკური გავლენის რეზერვად არ გამოიყენონ.

რეალურად პოლიტიკური მიზნების საზოგადოებისათვის წმინდა სამეცნიერო მსჯელობებად გასაღებაც (ანუ გამოთქმა, მეცნიერება პოლიტიკის გარეშე, კულტურა პოლიტიკის გარეშე, სპორტი პოლიტიკის გარეშე და ა.შ.) ასევე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების ნაწილია. პროპაგანდისათვის, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მანიპულაციისათვის, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის ლიკვიდირება. იგულისხმება ნებისმიერი საშუალება, რომელიც შეტყობინების მიმართ ინტერესს აღვივებს და ამავდროულად თავისი ინტერესების შესაბამისად ტრანსფორმირებას უწევს მთავარ აზრს, ბლოკავს რა მის კრიტიკულ აღქმას.

მსგავსი სტანდარტული მოდელებისა და ტექნოლოგიებით მიმდინარეობს ამჟამად ჩვენში მიზანმიმართული პოლიტიკა ე.წ. “ენათა და ეთნიკურ ჯგუფთა” სტატუსებთან დაკავშირებით. ხსენებული პოლიტიკა, როგორც მომგებიანი სტრატეგია, არა პირდაპირ პოლიტიკურ, არამედ სხვა საზოგადოებრივ ასპარეზზე ხდება, კერძოდ, პოლიტიკის მიზანი სამეცნიერო შეფუთვით ხორციელდება.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:18    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

2. “მშობლიური და მეორეხარისხოვანი ენების ამომცნობი კითხვარი”


“საინტერესო” შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივითა და უცხოური დაფინანსებით (მათ ვინაობას ქვემოთ შეიტყობთ), დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს რეგიონში კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ე.წ. “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”.

მეცნიერთა ერთი ჯგუფის განცხადებით, მოცემულ კითხვარში ერთმანეთთან დაპირისპირებულია საერთო ქართული და ადგილობრივი კუთხური ცნობიერება და ერთ სიბრტყეზეა მოცემული სახელმწიფო, სალიტერატურო, საეკლესიო ენა _ ქართული და ქართველური კილო-კავები. მეცნიერთა ამ ნაწილის პოზიციაა, რომ ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა საერთო ქარველურ ენას და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ქართულ კილოს. შესაბამისად, ქართველთა საერთო ენასთან (დედა ენასთან) მიმართებაში, ქართველთა ყველა სხვა ზეპირი სამეტყველო ერთეული კუთხურ კილოდ განიხილება.

ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მეცნიერთა სხვა ჯგუფი ქართველურ კილოებს ენებად განიხილავს, მათ მფლობელებს კი _ შესაბამისად ენობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობად.

სხვა მასალებს შორის, მე მოვიძიე ხსენებული “კითხვარი”, რომელიც, როგორც თავდაპირველად ვივარაუდე, ჩემთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ანკეტის სახელწოდებაა: “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”. როგორც შევიტყვე, ეს “კითხვა” თურმე ნებისმიერი მეგრელისა თუ სვანისათვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ “ჭეშმარიტი” მეგრელებისა და “ჭეშმარიტი” სვანებისათვის.
“ჭეშმარიტ მეგრელობასა” თუ “ჭეშმარიტ სვანობასთან დაკავშირებით”, იგულისხმება, რომ მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, თელავში ან სადმე სხვაგან მცხოვრები მეგრელი არ არის საინტერესო გამოკითხვის ჩამტარებლებისათვის, დგება საკითხი, საერთო მეგრული კუთხურობიდან გამოიყოს კითხვარისათვის “საჭირო” (“ჭეშმარიტი”) მეგრელები. კერძოდ, კითხვარის შინაარსის მიხედვით, ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შუაგულ სამეგრელოში მცხოვრები მეგრელები თუ იქნებიან (ოდნავ ქვემოთ იხილავთ, თუ რატომ...);

კითხვარის პირველივე ნაწილი აგებულია ამგვარად: ანკეტის შემვსების ეროვნება, მისი დედის, მამის, მეუღლის, ბებიებისა და ბაბუების ეროვნება და ა.შ. უცბად, ამ შეკითხვების ქვემოთ ასეთი შეკითხვებია: “რომელ ენაზე/ენებზე მეტყველებთ? როგორ მეტყველებთ ამ ენებზე?” და ა.შ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მე ავიღებ რომელიმე ჩემი ბიძაშვილის მონაცემებს და შევეცდები დავხატო სურათი, თუ რა არის ამ და მსგავსი კითხვარების ნამდვილი მიზანი.

ცნობისათვის, საანკეტო კითხვარი ისეა შედგენილი, რომ ნაღმი ნებისმიერი პასუხის შემთხვევისათვის წინასწარვეა დამონტაჟებული, რასაც ოდნავ ქვემოთ თავადვე იხილავთ.
ენობრივ საკითხებზე, რომლებიც ასევე დეტალურად არის გამოხატული, წესით პასუხად მხოლოდ ორი ვარიანტი უნდა ჰქონდეს: მშობლიური და უცხოური, თუმცა, აქ, ბოდიში, ვარიანტებია: ქართული, მეგრული, სვანური და ა.შ.

აი, ჩემმა ბიძაშვილმა, კი, რომელიც შუაგულ სამეგრელოში ცხოვრობს (სადაც განსაკუთრებით არის კონცენტრირებული კუთხური ნიშან-თვისებები), ანკეტაში შესაძლოა აღნიშნოს, რომ თავად მეტყველებს მეგრულ “ენაზე”(!), ისევე, როგორც მის გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ამ “ენაზე” დაიწყო ლაპარაკი და ა.შ.
შესაბამისად, ჩემი ბიძაშვილის პირად “დოსიეში” უკვე ჩნდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც სამეგრელოში დაიბადა, ენა მეგრულად “აიდგა”, რომელსაც მშობლები, ბებიები და ბაბუები ასევე მეგრელები ჰყავს, რომლის გარშემოც მეგრულად ლაპარაკობენ და ა.შ. მითითებული აქვს ეროვნებაში, რომ ქართველია. ანუ შეკითხვათა A შესაბამის სვეტში, ქართველობის დადასტურება მხოლოდ ერთგან ხდება(!!!), აქ კი შეკითხვა-პასუხთა ასეთმა პოლარიზაციამ შესაძლოა ეს ორი პარამეტრი ერთმანეთისადმი არც თუ სრულ შესაბამისობაში გამოაჩინოს.

ამ “კითხვარის” სტრატეგიაც ეს არის!!! მით უმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც და ადრეც, ენა მიიჩნეოდა და მიიჩნევა ეროვნულობის მთავარ მარკერად!
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:20    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

გავაგრძელოთ... შემდეგ მოდის უკვე შეკითხვების ისეთი სისტემა, როგორიცაა, მაგალითად, რომელია თქვენთვის მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. ენა? ძნელი მისახვედრი არაა, რომ პირი, რომელიც აღნიშნავს, რომ “მეგრულ ენაზე” დაიწყო ლაპარაკი, ქართულს კითხვარის პირობების იძულებით, მხოლოდ მეორე ენად (!) წარადგენს, ესეც უკვე ხაზგასმა ქართულობის მეორეხარისხოვნობის შესახებ (აღარაფერს ვამბობ იმ მუხანათურ სტრატეგიაზე, რაც მეგრულსა და ქართულს ერთ რანგობრივ სიბრტყეში აქცევს და ამასთან, შემვსებს იძულებულს ხდის მათ შორის არჩევანი გააკეთოს, პირველი ანუ ჩემი და მეორე ანუ სხვისი).

მეტიც, აქვეა შეკითხვა, რომელსაც დიფერენცირება უფრო შორს მიჰყავს: “რა სიხშირით ხმარობთ ქართულ ენას? მეგრულ ენას?”, _ ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რაც შეიძლება მიუთითოს ჩვენმა პერსონაჟმა. ამ სხვაობის კიდევ უფრო წარმოსაჩენად იქვეა შეკითხვა: “რომელ ენაზე ელაპარაკებით მეზობლებს?”, ამას უკვე მოჰყვება სტრატეგიულ დეტალურ შეკითხვათა მთელი სისტემა, თუ რა ენაზე მეტყველებთ ყველაზე კარგად, რა ენაზე ესაუბრებით მამას, დედას, მეუღლეს, შვილებს, ბებია-ბაბუებს, ან თქვენი მეუღლე, ან შვილები სკოლაში შესვლამდე რა “ენაზე” მეტყველებდა და ა.შ. და ა.შ.

მსგავსი ნაღმები ყოველთვის ფეთქდება და ასეთი ნაღმებით არის “დატენილი” მთელი ანკეტა. ერთი სიტყვით, ჩვენი პერსონაჟის მონაცემები აჩვენებს, რომ... ჩემი ბიძაშვილი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამეგრელოში, რომელმაც “ენა” მეგრულად აიდგა და გარშემოც ძირითადად მეგრულად მეტყველებს, ეკლესიაში ქართულად ლოცულობს და ეროვნებით ქართველია, თან არკვევს, სურს თუ არა პრესა და ტელევიზია მეგრულადაც იხილოს და ა.შ. და ა.შ. მართალი ვთქვა, ვშიშობ კიდეც, სრული სახით რომ ვაჩვენო ამ პერსონაჟის მონაცემთა ბაზა, რა დასკვნებიც გამომივა.

თანამედროვე P.R. ტექნოლოგიებში არაერთი ტექნოლოგიაა ცნობილი ე.წ. სოციოლოგიურ და ინტერაქტიულ გამოკითხვებთან დაკავშირებით. ამგვარ გამოკითხვათა ძირითადი არსი არა იმდენად ინფორმაციის შეგროვება ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაა, არამედ, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება.

მოცემული შემთხვევაც, თავისი პროპაგანდისტული სტრატეგიით, სწორედ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, კერძოდ, ამ კვლევის მიზანია მაქსიმალური განსხვავება გამოჩნდეს საერთო ქართულ და კუთხურ ქართულ ნაწილებს შორის, წარმოჩნდეს თანაბარ სტატუსურ სიბრტყეში “ქართული” და “მეგრული”. ხელოვნურად შექმნან აზრი, რომ ქართულობა მათთვის ხელოვნური, მეორეხარისხოვანია და ა.შ. და ა.შ. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ანკეტა ტიპური ნაღმია ქართველობისა და ქართულობის წინააღმდეგ.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:21    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

3. რომელია ჩემი მშობლიური - დედა ენა?


“ბედის ირონიით”, მე ხელში ჩამივარდა არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2007 წელს გამოცემული წიგნი “ქართველური ენები და დიალექტები”, რომელიც შეეხება “Volkswagen-stiftung”--ის პროექტის “ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში” მასალებსა და მასზე შექმნილ პოლემიკას.
ჩემს მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვაზე “რომელია ჩემი მშობლიური-დედა ენა?”, წიგნში მოცემულია სრულიად “ნათელი” პასუხები მეცნიერთა ამ ნაწილის შეხედულებებზე დაყრდნობით. მეცნიერთა გაკვეულმა ჯგუფმა პრობლემასთან დაკავშირებით სწორედ მოცემულ კრებულში წარმოადგინა თავიანთი დამოკიდებულებები:

 პროფესორი მერაბ ჩუხუა: “... უფრო უარესი ის არის, რომ ჩვენ ძმებს, მეგრელებსა და სვანებს ვუთხრათ: ის, რაზეც შენ მეტყველებ, არ არის შენთვის მშობლიური...” (“ქართველური ენები და დიალექტები”, თბილისი 2007. გვ. 23)

ამ მიმართებამ საკუთარ იდენტიფიკაციასთან მიმართებაში ფრიად დამაფიქრა. ცხადია, რადგანაც თავად ჩემი კუთხური წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, ცხადია, “მეტყველება” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მშობლიურია ყველასთვის, კახელისთვის _ კახური მეტყველება, იმერლისათვის _ იმერული, მეგრელისათვის _ მეგრული, გურულისათვის _ გურული, სვანისათვის _ სვანური, მოხევისათვის _ მოხევური და ა.შ.
მეტყველება თავისთავად არ არის “ენობისა” თუ ეთნიკურობის დამამტკიცებელი არგუმენტი, ამას თავად მეცნიერები ადასტურებენ, თუმცა, მათივე წყალობით, ვიპოვე მათებური პასუხი თუ, რას გულისხმობენ “მშობლიური მეტყველების” არსში.

 ჭაბუკი ქირია: “ზანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური არის ქართველთა ენები: მეგრელიც, ლაზიც არის ქართველი და ამ ქართველის ენაა ზანური ენა ქართულთან ერთად, სვანი არის ქართველი და ამ ქართველის ენაა სვანური _ ქართულთან ერთად.” (აღნიშნული წიგნი, გვ.45)

მინდოდა თუ არ მინდოდა, ამ დასკვნამ ერთი უცნაური შეკითხვა გააჩინა: __ რამდენი დედა ენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? ხოლო ამ შეკითხვის შედეგად, ცხადია, დაგროვდა შეკითხვათა მთელი ჯგუფი:

__ არსებობს თუ არა ორი დედა ენა?
__ არსებობს თუ არა ორი სამშობლო?
__ არსებობს თუ არა ორი უფალი?

ბუნებრივია, შეკითხვები ფიგურალურია და მათზე პასუხები ყველამ ვიცით, მაგრამ... შემინდეთ, ბატონებო, და როდესაც მეცნიერები (რომელთა აზრიც, როგორც მეცნიერების, ყოველთვის სერიოზულად აღსაქმელია ჩემთვის და დასაფიქრებელი) გვეუბნება, რომ ჩვენ თურმე შეიძლება ორი დედა ენა გვქონდეს, მაპატიეთ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, სულ ცოტა, საშიში ხდება, არა და... ხსენებული მეცნიერები სწორედ რომ ამ თვალსაზრისის ჩანერგვას ცდილობენ ჩვენში.

კეთილი, ვთქვათ და არასწორად მივხვდი (არა და ცილისწამება სერიოზული ცოდვაა და არ მაქვს სურვილი, დავიდო), მაშინ ისევ შეკითხვებს მივმართოთ, თუ პატივცემული მეცნიერები არ ცდილობენ ჩამოაყალიბონ თეორია ქართველთა ორი დედა ენის, ორი სამშობლოს და ორი უფალის შესახებ, მაშინ... როგორღა გამოდის, რომ, ამ მეცნიერების მტკიცებით, მეგრული მეტყველება ენაა? ამ შემთხვევაში ხომ დედა ენა არა ქართული, არამედ _ მეგრული აღმოჩნდება, ხოლო, თუ მშობლიური “ენა” _ მეგრულია, ქართულს რაღა სტატუსი ენიჭება?
ამ ორმაგი სტანდარტების შეხედულებებმა (რაც, როგორც წესი, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ახასიათებთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში) ცოტა არ იყოს დამაბნია, ანდა როგორ არ დამაბნევდა, როდესაც ვიღაც ცდილობს შთამინერგოს, რომ თურმე ჩემი მშობლიური ენა ქართული არ არის. შესაბამისად, თუ ქართული მშობლიური არაა, მაშინ მე უმცირესობაში მოვხვედრილვარ, როგორც მშობლიური ენის, ასევე ეროვნული მიკუთვნებულობის მიხედვით.

ასეთ ადამიანებზე, რაც გინდა საპატიო ტიტულებითა და იმიჯით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, ძნელია მსგავს შემთხვევაში მათ მიმართ ნეგატიური ემოციები შეიკავოს ადამიანმა. საპატიო პირთა მეცნიერული ნააზრევების არ ვიცი, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, მათგან განსხვავებით, ჩემი მოკრძალებული გონებრივი რესურსების პირობებში შეუვალ ჭეშმარიტებად ვცნობ ერთ რამეს, რომ უფალიც ერთია, სამშობლოც და დედა ენაც.

ჩემი მშობლიური ენა ქართულია და მხოლოდ და მხოლოდ ქართული, ხოლო მეგრული ჩემი კუთხური მეტყველებაა, ისევე, როგორც, შესაბამისად, საქართველოს ყველა სხვა შვილისათვის თავის კუთხის მეტყველება, კილო თუ კუთხური ენაკავი.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:22    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

4. როგორ ჩნდებიან სეპარატისტები?


“მეცნიერთა მცირე ჯგუფი ვარაუდობს, რომ თუ მაგალითად, მეგრულს, სვანურს დიალექტებად გამოვაცხადებთ, კონსოლიდაცია უფრო მეტად იქნება ურყევი. ვფიქრობ, ეს არასწორი, უფრო მეტიც, საზიანო ნაბიჯია: ერთი, რომ მახინჯდება მეცნიერული ფაქტი და მეორეც, რადგან ენის სტატუსი დიალექტამდე “დაქვეითდება”, შესაბამის კუთხეთა წარმომადგენლები ამ ფაქტს შეურაცხმყოფელად და დისკრიმინაციულად აღიქვამენ. გაჩნდება უნდობლობა” (პროფესორი გუჩა კვარაცხელია, აღნიშნული წიგნი, გვ. 13);

აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, პატივცემულ გუჩას აზრით, თურმე მეგრელს ესირცხვილება დედა ენად ქართული აღიაროს და კუთხური მეტყველება კილოდ!

ნათესავი მყავს ერთი, ბიძად მერგება, გვარად ზაქარაიაა. 13-14 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, ბიძა სხვადასხვა თემებზე მესაუბრებოდა ხოლმე (დევნილობის შემდგომ ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში). ერთ დღესაც, მორიგი საუბარი დამიწყო. მისი მონაყოლის მიხედვით, მთელი მხოფლიო ხომ მეგრელები იყვნენ, ესეც არ იკმარა და იმ თეორიებზე დამიწყო თხრობა, რომლის მიხედვითაც, ადამი და ევაც მეგრელები იყვნენ და სამოთხეში მეგრულად საუბრობდნენ (შემინდოს უფალმა და ამ თეორიის მიხედვით, უფალიც მეგრელი გამოდის)...

ამის გახსენების შემდეგ, ცხადია, აღარც მიკვირს ამგვარი მეცნიერული დასკვნების მნიშვნელოვნობისა. იდეა მაქვს, იქნებ დავხვეწოთ ამ მეცნიერებისა და “ბიძაჩემისეული” თეორიები და მთელი მსოფლიოსათვის ერთ მეგრულ სახელმწიფოში გაერთიანებაზე გვეფიქრა!!! ერთი კაცი იყო, დაახლოებით ასეთი მანიებით შეპყრობილი, მეორე მსოფლიო ომი რომ წამიწყო, ჰოდა... ხსენებული მეცნიერებისა და ხსენებული კაცის შეხედულებები რაღაც საეჭვოდ კი ემთხვევა ერმანეთს...

მიუხედავად პატივცემული გუჩას აბსურდული განცხადებისა, მე მაინც შევეცადე ამ საკითხზე პირადად გავსაუბრებოდი ადგილობრივ მოსახლეობას. 2008 წლის მარტის ბოლოს ხობსა და სენაკში ვიმყოფებოდი, რა დროსაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ქალბატონ გუჩას და სხვა წარმომადგენელთა განცხადებებისა და თვალსაზრისების შესახებ გავესაუბრე.

საბედნიეროდ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქართველი მოიქცეოდა, მეგრელმა ახალგაზრდებმაც შეურაცხმყოფელად მხოლოდ ქალბატონ გუჩასა და მის კოლეგა წარმომადგენლების განცხადებები და შეხედულებები აღიქვეს; ნებისმიერი მათგანი კატეგორიულად (ხაზგასმა) აცხადებს, რომ დედა ენა მათთვის არის ქართული, ხოლო ადგილობრივი მეტყველება დიალექტი, რომლითაც ისინიც, როგორც სხვა დანარჩენი კუთხეები მეტყველებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ლამის დანაშაულადაც ჩათვალა ამ საკითხებში ეჭვის შეტანა და ზოგადად, საკითხის დასმაც კი მეგრელების თუნდაც რაიმე სახით არასრულფასოვან ქართველებად წარმოდგენის შესახებ.

პროფესორი მერაბ ჩუხუა თავის წერილში წერს: “როგორც კი დავაფიქსირებთ, რომ სვანური არის ქართული ენის დიალექტი, ამას აუჯანყდება მთელი სამეცნიერო საზოგადოება. თავის დროზე აფხაზური ენა გამოცხადდა ქართული ენის დიალექტად” (დასახ. წიგნი, გვ. 22);

ჯერ ერთი, რამდენადაც ცნობილია, აფხაზური არავის გამოუცხადებია დიალექტად, მეორეც, ეს ფრაზა და მიდგომა ალბათ იმის მაგალითს უფრო ჰგავს, თუ როგორ ხდება უნებლიე თვითლუსტრაცია და როგორ ჩნდებიან სეპარატისტები (ცხადია, ამით სულაც არ მსურს ვინმე სეპარატისტულ მიდრეკილებებში დავადანაშაულო, მე მხოლოდ მსგავსებას ვუსვამ ხაზს); ბატონი ენათმეცნიერი, აქვე, თავადვე აყალიბებს სეპარატიზმთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებასაც: “... როდესაც იბომბებოდა დასავლეთ საქართველოს ქალაქები და სოფლები, თვით ბალტინის ჯარების სისხლიანმა ქმედებამ ვერ გამოიწვია მეგრელებში ვერანაირი სეპარატიზმი” (იქვე, გვ.23).

მართლაც, საბედნიეროდ, მეგრელებში ამგვარი სეპარატისტული სწრაფვა მხოლოდ ერთეულებში თუ შეიმჩნევა ხოლმე, რაც გამოხატულია ხან “ვეფხისტყაოსნის” ვითომდა თარგმანებში, ხან ე.წ. მეგრულ-ქართული ვითომდა ლექსიკონის წარმოდგენაში, ხანაც უცნაურ (რბილად რომ ვთქვათ) მეცნიერულ დასკვნებში, რაც, საერთო ჯამში, ორი უფალის, ორი სამშობლოსა და ორი დედა ენის შთანერგვის მცდელობებშია გამოხატული.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:23    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

5. რამდენიმე ეპიზოდი თანამედროვე სეპარატისტული გამოვლინებებიდან:

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოდის ე.წ. მეგრული გაზეთი რუსული გრაფით. გაზეთის მთავარი იდეოლოგია პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუბედუროდ, დღესაც მოიძიება ისეთ ადამიანთა (მათ შორის, თითქოსდა უმწიკვლო რეპუტაციის) ჯგუფი, რომლებიც ამ ფაქტს ამართლებენ და მისაღებად თვლიან ე.წ. “მეგრულ ენაზე” გაზეთს გამოცემას.

 “ვეფხისტყაოსნის” “თარგმნა” “მეგრულ ენაზე” ცნობილი ამბავია, სამწუხარო ის არის, რომ დღესაც მოიძიება პირები, რომლებიც ამ წიგნს ჯერ კიდევ ამართლებს და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამის გამართლებას ზოგიერთი მეცნიერი კიდეც ცდილობს. “... არც ისე დიდი ხნის წინ აწ განსვენებულმა შესანიშნავმა პოეტმა უდიერად მოიხსენია “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელი, ეს რა მიჩხლართ-მოჩხლართაო?” (ჭაბუკი ქირია, დასახელებული წიგნი, გვ.46), თუმცა, იქვე დასძენს მეგრული სიამაყით “იქნებ ეცადა ვინმეს და იმერულად ეთარგმნა (“მიეჩხლართ-მოეჩხლართა”) “ვეფხისტყაოსანი”? იქნებ აჭარულად მაინც გამოვიდეს ან რაჭულად? (იქვე)

აქ უკვე კომენტარი, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია, კაცი რომ მშობლიური ნაწარმოების დიალექტზე თარგმნას მიესალმება, მე, პირადად, არც კი ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს; თუ ბ-ნ ჭაბუკი ქირიას “ვეფხისტყაოსანი” მშობლიურ ნაწარმოებად არ მიაჩნია და მის თარგმნას მიესალმება, ყველანაირი ირონიის გარეშე ვკითხულობ, რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ქართველს? მეცნიერს?

 ბოლო ხანებში ასევე სამწუხარო (რბილად რომ ვთქვათ) მიდგომები გაჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტებში. საუბარია სოზარ სუბარის მცდარ და არასახარბიელო პოზიციაზე, რომელსაც ჰგონია, რომ ბიბლიის “თარგმნა” სვანურად, სვანურის გადარჩენის გზაა. ეს პოზიცია, სულ ცოტა და რბილად რომ ვთქვათ, მეტად სამწუხაროა.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:24    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

6. როგორ ვითარდება თანამედროვე სეპარატიზმი?!

საინტერესოა გავეცნოთ სეპარატიზმის მახასიათებელ ისეთ მნივნელოვან პარამეტრებს, როგორიცაა ეთნიკურობის სტატუსის ხელოვნურად შემოტანა. ჰოკკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის მიერ გამოცემულია კრებული “არაღიარებული სახელმწიფოების: დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ისტორიული დიალოგი” (საპპორო, იაპონია, 2007);

მოცემული კრებული წარმოადგენს კვლევითი პროექტის “არაღიარებული სახელმწიფოები ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში: შედარებითი და მრავალშრიანი მიდგომა” (2005-2008 წ/წ), ნაშრომებს ფინანსურად უზრუნველყოფს COE (CENTER OF EXCELLENCE) XXI საუკუნე და განიხილება, როგორც სამუშაოთა გენერალური სპონსორის პროგრამა (ორივე პროექტს აფინანსებს იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო).

კრებულის ავტორთა განცხადებით, მათი მიზანი კონფლიქტურ მხარეთა მშვიდოებიანი თანაარსებობისათვის წინგადადგმული ნაბიჯის მიღწევაა, რაც, მათივე აზრით, ამ კრებულების გამოცემით გამოიხატება (მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აფხაზურმა მხარემ არ ისურვა პროექტში მონაწილეობა. ეს განაპირობა სტანისლავ ლაკობას ცნობილმა შეხედულებებმა და ნაშრომებმა, რომლებიც გამოქვეყნებულია სლავური კვლევების ცენტრის ეგიდით).

საინტერესოა თუ როგორ ჩნდებოდა ეთნონიმისა და “ტიტულარული ნაციების” თავისებური წარმოდგენა, რაც მიმართული იყო შიდა ეროვნული დათიშულობის გამოსაწვევად. ამის განსაკუთრებულ რეალიზაციის პერიოდს სპეციალისტები სსრკ-ს პერიოდს უკავშირებენ. “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ეს იყო იმპერია, რომელშიც ნაციონალურ უმცირესობებს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდნენ (“affirmative action empire”)”,

ეს არის სსრკ-ს ცნობილი განსაზღვრება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, ტერი მარტინის მიერ არის შემუშავებული (Affirmative Action Empire: Natons and nationalism in the Soviet Union, 1923-1939. London, 2001).

ბოლშევიკებმა, შეშინდნენ რა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობების გაჩენით (1917-1921), ასევე ჰაბსბურგის იმპერიის მოულოდნელი დაშლით, გადახედეს თავიანთ შეხედულებებს ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ მცირე ხნის პერიოდში ბოლშევიკებმა გამოიგონეს ეთნონიმების “სამეცნიერო” და ეთნიკური კატეგორიების განსაზღვრებები. მათ შექმნეს ნაციონალური ტერიტორიული წარმონაქმნების იერარქია, რაც დაფუძნებული იყო “ტიტულარული ნაციის” თავისებურ და უცნაურ გააზრებაში.

თუკი დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ ნაციონალური განსხვავებები სოციალურ შესაძლებლობათა ისეთი ტიპის შექმნით გადაელახათ, რომელიც ინდივიდებზე იქნებოდა მიმართული არატერიტორიული ღონისძიებების გზით, სსრკ-ში ამის საწინააღმდეგოდ, ეთნოტერიტორიული წარმოქნაქმნების სტატუსებს ქმნიდნენ და ანიჭებდნენ.

ასეთი საბჭოური ქვეყნის მოდელი დგებოდა ამგვარად: მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში საბჭოელებმა შექმნეს ტერიტორიული წარმონაქმნი ავტონომიური სტატუსით (მაგ, აფხაზები), ხოლო ეთნიკურ ჯგუფური სტატუსი მიანიჭეს მეგრელებს, რომლებსაც ე.წ. ტერიტორიული წარმონაქმნი არ გააჩნდათ. ასე იქმნებოდა ე.წ. ნაციათა იერარქია. ამგვარი მიდგომები, სამეცნიერო მნიშვნელობის მიუხედავად, გახდა ნაციონალური პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომელსაც აფუძნებდნენ ეთნოტერიტორიულ ფედერალიზმს და ტიტულარული ნაციების კონცეფციას.

ამ მიდგომის ძირითადი შინაარსი დგება ამგვარად:

(1) ავტოქტორული ეთნიკური ჯგუფი უნდა შედგეს მოცემულ ტერიტორიაზე ტიტულარული ნაციის სახით.

(2) სასურველია, რომ მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობა და ადმინისტრაციული დაყოფა ერთმანეთს დაემთხვას. ავტოქტორულობა დემოგრაფიულ წონაზე მნიშვნელოვანი ხდება.

(3) ტიტულარული ნაციის წარმომადგენლები განათლებისა და კარიერის სფეროში უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ, ძირითადად, ეს უნდა წარმოდგინდეს მოცემულ ტერიტორიაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროებში.
და ა.შ.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის კი უკვე კარგად ნაცნობია თუ რამდენად წარმატებულად მოქმედებდა საბჭოური მიდგომები (ფედერალური დაყოფა, ეთნიკური დაყოფა და ა.შ.) ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოში.

დასკვნების გაკეთება სათანადო არგუმენტების გარეშე შეუძლებელია. იმის ცალსახად მტკიცება, რომ, სხვებთან ერთად, ხსენებულ მეცნიერთა ჯგუფი, ნეობოლშევიზმის, პროსაბჭოურობის, ჰიუიტების და სხვათა და სხვათა დაკვეთილ პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოში, რაც მიმართულია ჩვენი ეროვნული გათიშულობის მისაღწევად ან ახალი სეპარატისტული ტალღების ასაგორებლად, ცხადია არ შეიძლება. საამისოდ ან ზუსტი დასამტკიცებელი საბუთი ან ქმედებათა შედეგობრივი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს ადამიანს.

მეც, ბუნებრივია, ამ მასალით არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას, მიუხედავად იმისა, რა ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს არსებული მონაცემები. თუმცა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ცხადია, ლოგიკური ხდება ის ვერსიაც, რომ შესაძლებელია მართალიც იყოს “დაკვეთილი პოლიტიკის” ის მოდელი, რაზეც უკვე დიდი ხანია ფართოდ საუბრობენ ჩვენში. სარწმუნო წყაროების ცნობით: ენობრივ პოლიტიკაში ამ მოდელის რეალიზატორად ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელდება; პოლიტიკურ წრეებში ამ პოლიტიკის საყრდენად რესპუბლიკური პარტია, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ, ქვეყნის ფედერაციულ ერთეულად დაშლისკენ სწრაფვას;

სახელმწიფო ინსტიტუტებში ამავე მიზეზით სახელდება სახალხო დამცველის ინსტიტუტიც, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ საერთო ქართული კუთხეებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა სტატუსის მინიჭების, ენობრივი დიალექტების უმცირესობათა ენებად გამოცხადების მიღწევას, რაც უნდა განხორციელდეს ერთიანი საეკლესიო ენის დაშლის მიღწევის გზით (მაგ, სახარებისა და ბიბლიის ქართულიდან სვანურად “თარგმნა”) და ა.შ.

პირადად მე, ამ აზრს, ცხადია, არ ვიზიარებ, უფრო ის მგონია, რომ გარკვეულ დამთხვევებთან უნდა გვქონდეს საქმე, თუნდაც სამივე მათგანის შემთხვევაში. ობიექტური დასკვნისათვის საჭირო უტყუარი ავტორიტეტი არც გავრცელებული ხმებია, არც თუნდაც დაბეჭდილი კრებულები და მეცნიერთა ხედვები, არც უკვე რეალურად განხორციელებული ქმედებები, რაც, შესაძლოა გავრცელებულ ხმებს ამტკიცებდეს კიდეც.
არც ვინმეს კუთხეში მიყენება წარმოადგენს ჩემს მიზანს, არც მტყუან-მართალის ძიება, არც იარლიყების მიწებება, შექება ან დისკრიმინაცია. ზემოთ ვახსენე, ჩემი მიზანი, ატეხილი ხმაურის გამო გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გახდა-თქო. ცხადია, დასმული კითხვა და კითხვები რიტორიკულიც იყო ჩემთვის, რადგან პასუხები მასალის პირველივე ფრაზებში მაქვს გაცემული. სამწუხარო ის არის, რომ ეს შეკითხვები ზოგიერთისათვის მაინც ჩნდება, თუნდაც პროფესიულ-სამეცნიერო მოტივაციით.

სამწუხაროა, მაგრამ... ამ შემთხვევაშიც, თუ ვინმესთვის რაიმე კითხვები მაინც დარჩა მოცემულ თემებზე, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ პასუხებს, რაც სხვა პასუხებისაგან განსხვავებით, მართლაც უტყუარი და ობიექტური ავტორიტეტის პასუხებია.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ARCHIL_I



გაწევრიანდა: 02 თებ 2010
წერილი: 10

წერილიგამოგზავნილია: სამ თებ 02, 2010 13:25    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

7. პასუხი ყველა შეკითხვაზე

პასუხი ყველა შეკითხვაზე მოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთ-ერთ ქადაგებაში:

“ენა არის უდიდესი ძალა და ჩვენ მუდამ ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ მას. მრავალი უძველესი ხელნაწერი შექმნილა ქართულ ენაზე, მათმა ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია. დღეს კი ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ ენას მეგრული და სვანური დიალექტები ჩამოაშორონ და ისინი დამოუკიდებელ ენებად გამოაცხდაონ. უფრო მეტიც, მათ განზრახული აქვთ, ბიბლია და ლოცვები მეგრულად და სვანურად თარგმნონ. ეს არის უდიდესი დანაშაული ერის წინაშე!

ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა თვითონ სამეცნიერო წრეებშიც. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ქართული, მეგრული და სვანური _ ქართველური ენებია. ერთხელ ჩემთან მოსულები იყვნენ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ თავიდანვე განსხვავებული იყო ქართული ენისაგან მეგრულ-სვანური და ასე პარალელურად ვითარდებოდა. მე ვკითხე მათ: ერთი ხელნაწერი მაინც თუ არსებობს მეგრულაად ან სვანურდ დაწერილი? ცხადია, არ არსებობს.

მათ სხვა მეცნიერები უმტკიცებენ, რომ არსებობს ერთი ქართული ენა და შემდგომში მისგან წარმოიშვა განსხვავებული დიალექტები. მე მეცნიერებს შევთავაზე, იქნებ ვთქვათ ასე _ ქართული ენა თავისი განშტოებებით. მსგავსად იმისა, როგორც შტო ამოუვა ხეს, _ ასე ეს დიალექტებიც, მაგრამ მათი საერთო ძირი და ფუძე არის ქართული ენა. უძველესი დროიდან არც ერთ მეგრელს ან სვანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თავისი დიალექტისათვის ცალკე დამწერლობა შეექმნა, რადგან თავს მუდამ ქართველად მოიაზრებდა და მისი მშობლიური ენა ქართული იყო. განა დღეს რაიმე შეიცვალა?

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამას აკეთებს მტერი: ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ამიტომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და სხვებსაც დავუმტკიცოთ, რომ ქართული ენა არის ერთი, მეგრული და სვანური დიალექტები კი მისი განშტოებებია. განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენ სიამაყეს _ უძველეს და მშვენიერ ქართულ ენას”.

(ამონარიდი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან. სამების საპატრიარქო ტაძარი. 13 მაისი 2007 წელი)


არჩილ გამზარდია

2008 წელი მარტი
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
აჩვენე წერილები წინა:   
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> ო, ენავ ჩემო! ყველა დრო მოცემულია სარტყელში GMT
გადასვლა გვერდზე 1, 2  შემდეგი
გვერდი ნომერი 1(სულ - 2)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას


Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group

RE:Action Georgia without Russian troops!